აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

Untitled Document
აკრედიტაციის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’. მუხლი 50. 

მუხლი 50. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები

1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.

2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ უსკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

3. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა. (26 ოქტომბერი, 18:00 საათი) განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები. ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში განცხადებას უნდა ერთოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. მასში მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი/პირები. ორგანიზაციის აკრედიტაციის მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით სააგენტო უსკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. ამ პუნქტში აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.

4. განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

4¹. აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა პრესა/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.

5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი, აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის ასაკის პირი, რომელიც იმავდროულად არ შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/ სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი.

6. არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი განისაზღვრება უსკოს დადგენილებით.

 

დადგენილება N3 18.08 დანართი - არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016