7 ივნისს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უსკოს ადმინისტრაციულ შენობაში იმ საჯარო სკოლების მოსწავლეები მოიწვია, რომლებმაც უსკოს მიერ მომზადებულ საინფორმაციო-სასწავლო პროექტში ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ მიიღეს მონაწილეობა და იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს უსკოს ტრენერებთან ერთად. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე X-XI კლასის 1000- მდე მოსწავლე იყო ჩართული ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის 39 საჯარო სკოლიდან.
მოსწავლეებს უსკოს თავმჯდომარე, კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ და დაათვალიერებინეს საარჩევნო ადმინისტრაცია, დეტალურად გააცნეს უსკოს მუშაობის პრინციპები და ადმინისტრაციის საქმიანობა. კომისიის თავმჯდომარე და წევრები მათ ესაუბრნენ არჩევნებში აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ღონისძიების მეორე ნაწილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეები უსკოს წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრნენ.
უსკოს საინფორმაციო- სასწავლო კურსი სექტემბრის თვიდან განახლდება ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის. პროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას.