

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკისა და მარშალის ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს უსკოს თავმჯდომარემ, პაატა კეშელავამ, კომისიის სამართლებრივი სტატუსი, სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კენჭისყრის პროცესში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებას. დელეგაციის წევრებს გააცნეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური აპარატების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება, ასევე, აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვის შედეგები და მათი მნიშვნელობა საარჩევნო პროცესის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში.
კენჭისყრის პროცესში გამოყენებული ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა უსკოს წევრმა, ციალა შავაძემ.
შეხვედრა პროფესიული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების ფორმატში წარიმართა.