აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოში ცესკოს ხელმძღვანელობისა და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა მონაწილეობით გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
11 სექტემბერი 2026

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, რეგიონული კოორდინატორი მანუჩარ გამყრელიძე, უსკოს თავმჯდომარე პაატა კეშელავა და უსკოს წევრები, აგრეთვე აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი ექვსივე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა პაატა კეშელავას ახალი მანდატის ფარგლებში საქმიანობის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს. უსკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ ეს იყო პირველი გაფართოებული შეხვედრა ამ ფორმატში, რომელსაც როგორც გაცნობითი, ისე საქმიანი ხასიათი ჰქონდა.
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი გაფართოებული ფორმატის დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალურ და რეგიონულ დონეებს შორის კოორდინაციისთვის. მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ცესკოსა და უსკოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და სამომავლო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ცესკო მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს უსკოსთან პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას.
მონაწილეებმა განიხილეს ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები, საერთო პრიორიტეტები, პრაქტიკული საჭიროებები და მათზე დროული რეაგირების გზები. ყურადღება გამახვილდა საკითხებზე, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა რგოლს შორის კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებასა და მუდმივ სამუშაო კომუნიკაციას საჭიროებს.
საუბარი შეეხო საზოგადოებასთან ეფექტიან კომუნიკაციას, ამომრჩეველთა ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებასა და საარჩევნო პროცესის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელებას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების კოორდინაციასა და საზოგადოების ინფორმირების ქმედითი მექანიზმების განვითარებაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ადგილობრივ გამოცდილებასთან ეფექტიანი ინტეგრირება.
შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრისას უსკოს თავმჯდომარე პაატა კეშელავამ განაცხადა:
„განსაკუთრებით ვაფასებ, რომ უსკოს თავმჯდომარედ ჩემი არჩევის შემდეგ პირველი გაფართოებული სამუშაო შეხვედრა ცესკოს ინიციატივით, მისი თავმჯდომარისა და მდივნის უშუალო მონაწილეობით გაიმართა. ეს უსკოსადმი გამოხატული ინსტიტუციური ყურადღებისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დასტურია. უსკო საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი და საიმედო პარტნიორი, ხოლო შესაბამის საკითხებზე ცესკოსთან მჭიდრო კოორდინაციას შევინარჩუნებთ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დიალოგი კიდევ უფრო განამტკიცებს ცესკოს, უსკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის არსებულ პროფესიულ ნდობასა და თანამშრომლობას“.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი მომავალშიც აქტიურ და მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, ერთობლივი ძალისხმევით მომავალ არჩევნებშიც კიდევ უფრო განამტკიცონ სამართლებრივი სიზუსტის, ორგანიზაციული გამართულობის, ტექნოლოგიური საიმედოობის, გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ის მაღალი სტანდარტი, რომელიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციურ ხელწერად ჩამოყალიბდა.

 

წარმომადგენლის რეგისტრაცია
დამკვირვებელთა რეგისტრაცია
პრესის აკრედიტაცია
საარჩევნო ჟურნალი
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016